კრემლმა ბორის ჯონსონს, ლიზ ტრასს, ტერეზა მეის და კიდევ 10 ბრიტანელ მაღალჩინოსანს რუსეთში შესვლა აუკრძალა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის ხელმძვანელ პირებს, მათ შორის ქვეყნის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს პერსონალური "სანქციები" დაუწესა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ბრიტანეთის მთავრობის "უპრეცედენტოდ მტრული ქმედებებია", რაც გამოიხატა რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.

"ეს ნაბიჯი გადაიდგა, როგორც პასუხი ლონდონის აღვირახსნილ საინფორმაციო და პოლიტიკურ კამპანიაზე, რომლის მიზანიც რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია და ქვეყნის შიდა ეკონომიკის დახრჩობაა. ბრიტანეთის ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად ამძიმებს ვითარებას უკრაინაში, ამარაგებს კიევის რეჟიმს სასიკვდილო იარაღით და კოორდინაციას უწევს ასეთივე ძალისხმევას ნატოს მხრიდან. ასევე, მიუღებელია ლონდონის მხრიდან არა მხოლოდ მისი დასავლელი მოკავშირეების, არამედ სხვა ქვეყნების წაქეზება, ფართომასშტაბიანი ანტირუსული სანქციების დაწესების თაობაზე, რაც თავის მხრივ, უაზრო და კონტრპროდუქტიულია", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბრიტანეთის წარმომადგენლების სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ, ასეთია:

  • პრემიერმინისტრი - ბორის ჯონსონი;
  • ვიცე პრემიერი, იუსტიციის მინისტრი - დომინიკ რააბი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - ელიზაბეტ ტრასი;
  • თავდაცვის მინისტრი - ბენ უოლესი;
  • ტრანსპორტის მინისტრი - გრანტ შაპსი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი - პრიტ პატელი;
  • ფინანსთა მინისტრი - რიში სუნაკი;
  • ენერგეტიკის მინისტრი - კვაზი კვარტენგი;
  • კულტურის მინისტრი - ნადინ დორისი;
  • თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ჯეიმს ჰიპი;
  • შოტლანდიის პირველი მინისტრი - ნიკოლა ფერგიუსონ სტარჯონი;
  • ინგლისისა და უელსის გენერალური პროკურორი - სუელა ბრავერმანი;
  • პარლამენტის დეპუტატი კონსერვატიული პარტიიდან, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი - ტერეზა მეი.

"უახლოეს მომავალში ეს სია გაფართოვდება და მოიცავს ბრიტანელ პოლიტიკოსებსა და პარლამენტარებს, რომლებიც ხელს უწყობენ ანტირუსული ისტერიის გაღვივებას, უბიძგებენ "კოლექტიურ დასავლეთს", გამოიყენოს მუქარის ენა მოსკოვთან დიალოგში და ურცხვად ახალისებენ კიევის ნეო ნაცისტურ რეჟიმს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი