სამოქალაქო სექტორი გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს მიმართავს განცხადებით, რომ პარლამენტის დეპუტატი სოფო კილაძე ახალ წევრად არ აირჩიონ. 52 არასამთავრობო ორგანიზაციიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანდიდატის შერჩევისას გაეროს რეკომენდაციები პროცედურებთან შედარებით გათვალისწინებული არ იყო.
სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ კილაძის კვალიფიკაცია და რეპუტაცია მისი არჩევის საფუძველს არ იძლევა.
[სახელმწიფომ] კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე, რომელიც, ჩვენი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით. ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით, - ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოფო კილაძე საზოგადოებისგან ფარულად შეირჩა.
ჩვენ ამ განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ვართ და შემიძლია გითხრათ, რომ საჯარობის ნაწილი დაცული არ იყო, ამიტომ გადაწყვეტილება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე მიიღება, ყოველთვის არის პრობლემური, - ამბობს საია-ს დირექტორი სულხან სალაძე.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სოფიო კილაძე არასდროს ახდენდა სათანადო რეაგირებას მისი კომიტეტის განსახილველ საქმეებზე.
წამებისა და არასათანადო მოპყრობით ნებისმიერ საქმეზე, რომელსაც ცენტრი "ემპათია" ითხოვდა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა, - ამბობს ცენტრ "ემპათიის" დირექტორ მარიამ ჯიშკარიანი.
საოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ სოფიო კილაძესთან დაკავშირებით სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც ის ვერ იქნება მიჩნეული დამოუკიდებელ კანდიდატად.
ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად ორგანიზაციები სოფო კილაძის სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობას გამოყოფენ.
სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორთან ღია და ცხადი დაპირისპირებით. ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით. მას აქვს მილიტარისტული მოტივები ბავშვებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ბავშვებში უნდა ჩადოს ინვესტიცია რომ გახდნენ ჯარისკაცები და ემსახურონ ქვეყნის სამხედრო ძალებს, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ივნისის ბოლოს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა ცხრა ახალი წევრი უნდა აირჩიოს. საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე წარადგინა.
განცხადებაზე ხელმომწერი 52 ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს თხოვნით მიმართავს, რომ გაითვალისწინონ კრიტიკული შეფასებები და სოფო კილაძის არჩევა არ დაუშვან.
სოფო კილაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.