წესები და რეგულაციები - როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები პანდემიის პირობებში

გამოქვეყნდა:

როგორ და რა პირობებში უნდა ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პანდემიის პირობებში  - პარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დეპუტატები და სამოქალაქო სექტორის წევრები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა წესები და რეგულაციები უნდა შემუშავდეს, რომ არჩევნები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. იმსჯელეს საარჩევნო უბნებში პირბადეების გამოყენებასა და სოციალური დისტანციის უზრუნველყოფაზეც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციის პირობებში სავსებით შესაძლებელია არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება და თარიღის გადაწევის აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა, რა ვითარება იქნება შემოდგომაზე, ამაზე წინასწარი პროგნოზების გაკეთება უჭირს.

დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა, რა თქმა უნდა, საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც, - განმარტავს გამყრელიძე.

საარჩევნო კოდექსში შესატან უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა ინიციატივები აქვთ. "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებთან რიგების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია საარჩევნო უბნების დაყოფა, თითო უბანზე კი არა უმეტეს 800 ამომრჩეველი უნდა იყოს რეგისტრირებული. მათი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია აგიტატორების გაფრთხილება, რათა მათ საარჩევნო უბნებთან დისტანცია დაიცვან.

ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ყურადღებას საარჩევნო უბნებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ამახვილებს და სწორედ ამ მიზეზით ხსნის უბნების გაყოფის ინიციატივას.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ არჩევნების თარიღის შეცვლის ინიციატივა საფუძველს მოკლებულია და დადებითად აფასებს დარგის ექსპერტების მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს.

ყველა ეს რეგულაცია უნდა იყოს განსაზღვრული იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, - აცხადებს სამადაშვილი.

"საიას" თავმჯდომარე სულხან სალაძე კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია იმ პირების საარჩევნო უფლებების გათვალისწინებაც, ვინც კარანტინსა თუ იზოლაციაში იმყოფებიან. სალაძე ასევე არ გამორიცხავს საარჩევნო უბნებში მედპერსონალის მობილიზებას.

აღნიშნული შეხვედრა ერთჯერადი ხასიათის არ გახლდათ. პარლამენტში კიდევ იგეგმება კონსულტაციები უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი