ვალერი ზალუჟნი - უკრაინის "რკინის გენერალი"

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის, დაახლოებით 10  მცდელობა, კიევის აღების გეგმა და ე.წ. ბლიც კრიგი- რუსეთის სამხედრო თავდასხმიდან 52 დღის შემდეგ, პუტინმა ვერც ერთ ამ მიზანს ვერ მიაღწია.  
რუსული არმიის დანაკარგების უპრეცედენტო მაჩვენებელმა და  კრეისერ "მოსკოვის" ჩაძირვამ,  კრემლის სრული კრახი იმდენად აშკარა გახადა, რომ პუტინი და მისი გარემოცვა, კიევის დაბომბვის ღია მუქარაზე გადავიდა. 

ქვეყნის არმია, მთავარსარდალი, ხელისუფლება და ხალხი, მსოფლიოს სიძლიერით მეორე არმიას, ერთად ამარცხებენ, თუმცა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, უდიდესი როლი აქვს, უკრაინული არმიის სარდალს, ვალერი ზალუჟნის.

მხოლოდ იარაღი ომის მოსაგებად საკმარისი არ არის... ომს უკრაინაში თავისი ხელმძღვანელი ჰყავს.  ეს უკრაინის არმიის სარდალი ვალერი ზალუჟნია - იგივე "რკინის“ გენერალი, "გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის".  კიევის დაცვა და ქვეყნის დიდი ქალაქების შეუპოვარი წინააღმდეგობა მტრის შეტევებზე - ეს სწორედ ზალუჟნის დამსახურებაა.

48 წლის გენერალი სამხედრო პირის ოჯახში დაიბადა, ის უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დანიშნა. ვალერი ზალუჟნი უკრაინელი ოფიცრების ახალ თაობაა,  რომლებიც დონბასში, მძიმე რვაწლიანი ომის განმავლობაში გაიწვრთნენ.  როცა ფრონტზე არ იყვნენ, ნატოს პოლიგონებზე ვარჯიშობდნენ. სწორედ ნატოსთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა უკრაინის ახალი, პროფესიულად მოაზროვნე ოფიცრების ჯგუფი, რომელმაც დასავლური სტანდარტების საფუძველზე შეიმუშავეს ომის წარმოების მოქნილი მოდელი. 

სამშობლოსთვის ბრძოლა 2014 წლიდან გადაწყვიტა, მაშინ, როცა უკრაინამ დონბასი და ლუგანსკი დაკარგა. ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ მტერთან საომრად მას მერე ყოველდღე ემზადებოდა. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ მისი სტრატეგიით უძლებს უკრაინის მთავარი ქალაქები მტრის შემოტევას ამდენი ხნის განმავლობაში. 

რუსეთის არმიის მსხვილმასშტაბიანი შეტევების დროს ვალერი ზალუჟნი თავს არიდებდა ინტერვიუებს და საზოგადოების წინ შედარებით იშვიათად ჩნდებოდა.  დრო და დრო მოკლე ოპერატიულ ცნობებს თუ აქვეყნებდა სოციალურ ქსელში, ძირითადად ფაქტებს, სადაც ასახული იყო რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებისა და სატანკო კოლონების განადგურება.

დასავლელი პარტნიორებისთვის კი უკრაინის არმიის ასეთი მომზადება გასაკვირი არ არის, რადგან წლებია ნატოს ბაზებზე უკრაინელი სამხედროები წვრთნებს გადიან. სწორედ, ვალერი ზალუჟნი 2022 წლის იანვარში  ნატოს სამხედრო კომიტეტში სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრესიისათვის წინააღმდეგობის გასაწევად მზად არიან.

აშშ-ის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ოფიცრები  დღეს ღიად ამბობენ, რომ  უკრაინელი „კომანდოსები“ არაფრით  ჩამოუვარდებიან თავიანთ დასავლელ კოლეგებს.
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი