
ევროკავშირი რუსეთის ომით დაზარალებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას დამატებით 50 მილიონი ევროთი ზრდის - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის გვერდზე განათავსეს.
როგორც დოკუმენტში წერია, იმის გამო, რომ გრძელდება მძიმე ბრძოლები და სარაკეტო დარტყმებით კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
დოკუმენტის მიხედვით, დახმარება მოიცავს უსაფრთხო სასმელი წყლისა და ჰიგიენის ხელმისაწვდომობას, თავშესაფრისა და დაცვის, ფულადი დახმარებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მხარდაჭერას.
"ევროკავშირი დამატებით 50 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად დაზარალებული ხალხის მხარდასაჭერად. აქედან 45 მილიონი ევრო გამოყოფილია უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის და 5 მილიონი ევრო მოლდოვასთვის. ამით ევროკავშირის მთლიანმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ ომის საპასუხოდ 143 მილიონი ევრო შეადგინა", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ეს დაფინანსება არის 1 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი, რომელზეც ევროკომისიამ პირობა გასცა.