
რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ორი პირობა წაუყენა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
მოთხოვნები უკავშირდება უკრაინის მიერ ყირიმის აღიარებასა და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას. ასევე, ჯარის გაყვანას რუსების მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან.
ვოლოდინი ამბობს, რომ "თუ ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებზე ფიქრობს, მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს".
"პირველი - გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებიდან.
მეორე - ხელშეკრულების საფუძველზე დააფიქსიროს ვალდებულებები ყირიმის აღიარებისა და უბლოკო სტატუსის მიღების შესახებ. ასევე, ვალდებულება დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის შესახებ", - თქვა ვოლოდინმა.
მისივე თქმით, ზელენსკი "დროს იგებს", როდესაც აცხადებს, რომ უკრაინა უარს არ ამბობს მოლაპარაკებების გზით ომის დასრულებაზე. დუმის სპიკერმა აღნიშნა, რომ ამ დროს უკრაინა "ნატოსგან სამხედრო დახმარების მისაღებად" იყენებს.