
"აზოვის ბატალიონი" ქართველი ინსტრუქტორების, ბახვა ჩიქობავასა და გიორგი ყუფარაშვილის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით ხელმძღვანელობს - ამის შესახებ აზოვის ერთ-ერთმა შემქმნელმა, სერგეი კოროტკიხმა, იგივე "ბოცმანმა" ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
კოროტკიხის თქმით, ქართველმა მებრძოლებმა დიდი წვლილი შეიტანეს ბატალიონის შექმნაში, რაც დღეს უკრაინელებს მარიუპოლის, ხარკოვის, სუმის, ნიკოლაევისა და სხვა ქალაქების დაცვაში ეხმარება.
"აღმოჩნდა, რომ აზოვის სასწავლო სისტემას და მოტივაციას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. 7 წელი გვდევნიდნენ, ნაცისტებს გვეძახდნენ, კერძო ჯარი ხართო, წვერი არ მოსწონდათ. მომავალ ომზე რომ ვსაუბრობდით არ გვისმენდნენ, მაგრამ რასაც ახლა აზოვი აკეთებს მარიუპოლში, მსოფლიოში არცერთ არმიას არ ძალუძს. ფაქტობრივად აზოვი მე და კიდევ ორმა ქართველმა მოხალისემ, ბახვა ჩიქობავამ და გიორგი ყუფარაშვილმა, 2014 წელს შევქმენით.
2014 წლის აგვისტოში ჩვენი ლიკვიდაციისთვის მილიონ დოლარს იხდიდნენ, ახლა მხოლოდ ჩემს სანაცვლოდ იხდიან 500 ათას დოლარს. ასე რომ ნატოს ინსტრუქტორები აქ არასოდეს ყოფილან, სანქცირებულთა სიაშიც ვიყავით. ჩვენგან სახიფათო ადამიანების სურათი შექმნეს. სერჟანტთა და ოფიცერთა სკოლები თვითონ შევქმენით. 90% გიორგის დამსახურებაა. ის 7 წლის განმავლობაში წვრთნიდა ბიჭებს. შეიმუშავა მარიუპოლის თავდაცვის გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ახლა ვიცავთ ამ ქალაქს. გიორგის იშვიათად ახსენებენ, ეს უსამართლობაა. ჩვენ ამ გეგმით ვიცავთ მარიუპოლს, ხარკოვს, სუმს, ჩერნიგოვს, დნიპროს, ოდესას და ნიკოლაევს", - ამბობს "ბოცმანი".
შეგახსენებთ, რომ ბახვა ჩიქობავა 19 მარტს მარიუპოლში გმირულად დაიღუპა, მისი ცხედრის გამოსვენება ალყაში მყოფი ქალაქიდან ჯერ ისევ ვერ ხერხდება.