
ქორწილი Zoom-ში - უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ომის დროს ქორწინებას ამარტივებს. ინფორმაციას UNIAN-ი იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ვალერია კოლომიეცის განაცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამიერიდან შეყვარებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ დღეში, ზუმში დაქორწინდნენ.
"ჩვენ ყველანი ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა არ ვიცით რა იქნება ხვალ და თუნდაც ამაღამ. ამიტომ, ახლა შეგიძლიათ მიმართოთ და დაქორწინდეთ ერთ დღეში. ვინც სურვილს გამოთქვამს, შეუძლია დღის განმავლობაში დაქორწინება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად დისტანციურად დაქორწინებას შეძლებენ ის წყვილებიც, რომლებიც ერთად არ იმყოფებიან, მაგალითად, საომარ მოქმედებებში არიან ჩართული. გარკვეულ პირობებში ქორწინება შეიძლება დარეგისტრირდეს პოლიციისა და სამხედროების მიერ.
"მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ მეთაურს და მიმართონ დისტანციურად დაქორწინებისთვის. ამრიგად, ქორწინება შეიძლება დარეგისტრირდეს მაშინაც კი, თუ ერთ-ერთი მეუღლე ფიზიკურად არ იმყოფება. პირთან, რომელიც არ არის სამხედრო ნაწილში, შეიძლება დაკავშირება დისტანციურად და ორივე წყვილის ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია დისტანციურად, უბრალოდ Zoom-ის საშუალებით", - ამბობს ვალერია კოლომიეცი.
უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისში თითქმის 22000 უკრაინელი წყვილი დაქორწინდა.