„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას აანონსებს. მოსახლეობის საყოველთაო უკმაყოფილების ფონზე, უმრავლესობა ისევ პარლამენტთან პროტესტის გამოსათქმელად მისულებს ითვლის.
„ოცნების“ ლიდერები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას ან მინიმუმ მოსახლეობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მიიღებენ.
მოსალოდნელი საპროტესტო აქციის ფონზე კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში დილით ადრე მივიდნენ. უმრავლესობის სხდომა დახურულ კარს მიღმა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ქუჩაში შეკრებილი ოპოზიციის საპასუხოდ, „ოცნებას“ დღეს ახალი პოლიტიკური გზავნილი ჰქონდა - 2020-ის არჩევნებს ისევ „ქართული ოცნება“ მოიგებს და ყოველი მეორე მოქალაქე ხმას ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენას მისცემს.
ივანიშვილის გუნდი რომ ტრიუმფალური გამარჯვებისთვის ემზადება, ამაზე ირაკლი კობახიძის გარდა მაჟორიტარებმა და კახა კალაძემაც ისაუბრა.
უმრავლესობიდან დემარშით წასულებს დღეს ყოფილი თანაგუნდელებისგან გაკეთებული ეს განცხადებები არ გაკვირვებიათ. ამბობენ, რომ ამით ირაკლი კობახიძე სიცრუეში ამყოფებს ყველას და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს. თუმცა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენის სურვილით კი მათი შეფასებით, „ოცნება“ პუტინიზაციის გზას დაადგა.
„ქართულ ოცნებას“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბევრად უკეთესი შედეგის იმედი აქვს. არჩევნების სხვა სისტემით ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და იმედს მილიონერ მაჟორიტარებზე ამყარებენ.