პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეიდან იწყება განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამა. პრემიერის თქმით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გარემონტდება და აშენდება სკოლები, იგივე შეეხებათ საბავშვო ბაღებსაც.
"ჩვენ დღეს ვიწყებთ უკვე განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას. [...] სამუშაოების დაწყება ჩვენ გვინდა წელსვე და 3-4 წლამდე გვინდა რომ ყველა პროექტი იყოს დასრულებული. დაფინანსების ჯამური მოცულობა დაახლოებით 2.5 შეიძლება 3 მილიარდი ლარიც იყოს, ამ ეტაპზე 2 მილიარდი ლარით დავიწყებთ", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, პროგრამის განხორციელებისას 20 000 ადამიანი დასაქმდება.
"ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, მოიზიდონ ჩვენი გარანტიით, ამ გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ ამ პროგრამაში. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება", - თქვა მან.
პრემიერის მტკიცებით, მთავრობა საკუთარ პროექტებს ვადაზე ადრე განახორციელებს.