უკრაინაში დაღუპულ კიდევ 3 ქართველ სამხედროს საქართველოში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ. ოკუპანტებმა არკადი კასრაძე ქალაქ რუბეჟნოეში, შეტაკების დროს მოკლეს. საბრძოლო მოქმედებების დროს მძიმედ დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი ზურა მუშუქია.
რაც შეეხება ალიკა ცაავასა და ზაზა ბიწაძეს, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი დაჭრილების დასახმარებლად მიდიოდნენ, რა დროსაც ვარიაში მოყვნენ. ეს უკრაინაში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა არ დაადასტურეს - მათი თქმით, სამივე გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს.
დაჭრილი ქართველი მებრძოლი კი ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"მე როგორც ვიცი, ავტოკატასტროფაში არ მოხვედრილან. ვიცი, რომ შეტაკებაში მოხვდნენ და იქ დაიღუპნენ. კასრაძე დაიღუპა ავტომატის ტყვიით, ზუსტად ვიცი და ბიწაძე და ცაავაც ამ შეტაკებაში დაიღუპნენ. კომპანია რომელიც უზრუნველყოფს იქიდან გადმოსვენებას ჯერ კიევში, შემდეგ საპატიო გამოთხოვება იქნება, როგორც ჩვენი წინა დაღუპული მებრძოლები გამოვაცილეთ, მთავარია კიევამდე გადმოსვენება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, რაღაც პატარ-პატარა პრობლემებია", - ამბობს მებრძოლი, ნადიმ ხმალაძე.
კასრაძე, ცაავა და ბიწაძე პარტიზანთა ბატალიონში იბრძოდნენ, ისინი 16 აპრილს დაიღუპნენ. სულ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში 9 ქართველი ჯარისკაცია დაღუპული.