ენმ და მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა განხილვის საკითხი - პაპუაშვილი უკრაინაში ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის საკითხი უკრაინაში ვიზიტის დროს არც რადას თავმჯდომარესთან დახურულ შეხვედრაზე, არც ღია ფორმატში განხილვის საგანი არ ყოფილა.

"ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილი არანაირად არ ყოფილა იქ განხილვის საკითხი. ეს იყო როგორც დახურულ ნაწილში, ისე ღია ნაწილში, იყო ზუსტად ერთი განწყობა და ერთი ტალღა, ეს არის სითბო, მეგობრობა და სურვილი, რომ ეს გაუგებრობები რაც იყო, ამოწურულიყო", - თქვა პაპუაშვილმა. 

პაპუაშვილი ამბობს, რომ მთავარია "წინ გავიხედოთ" და რომ უკრაინასთან თანამშრომლობის განწყობა აქვთ. 

"რა თქმა უნდა, ენმ არის ერთ-ერთი მიზეზი წყლის ამღვრევისა და იმისა, რომ მათ შორის უკრაინაში, საზოგადოებაშიც იყოს არასწორი წარმოდგენა საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ მათ შორის რომ ენმ-ს სახეები აქტიურად ჩანან ხოლმე უკრაინული მედიის საშუალებით და მთავარი ამოცანა მათი არის ქვეყნით ცუდად წარმოჩენა უკრაინელი ხალხის თვალში და საქართველოს უკრაინისადმი სოლიდარობის დაკნინება", - თქვა პაპუაშვილმა

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე,  "ოცნება" უკრაინას ულტიმატუმს უყენებდა და მათი იქ ჩასვლის სანაცვლოდ, "რადიკალური ოპოზიციის" წევრების თანამდებობებიდან მოხსნას ასახელებდა. მათ შორის იყო დავით არახამიაც, რომელიც მთავარი მომლაპარაკებელია რუსეთთან, ასევე რადას ყველაზე დიდი ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარეა. 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა, სადაც რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა. მათ მოინახულეს რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად განადგურებული ბუჩა და ირპენი. უკრაინაში ვიზიტით ცალკე იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი