
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მშენებლობებზე დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. ამ თემაზე მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და კონკრეტული შემთხვევა დაასახელა.
მისი თქმით, ისტორიულ ზონაში, ამაღლების ქუჩაზე "მონუმენტ მშენმა" უკანონოდ, მშენებლობას სართული დაამატა. კალაძემ თქვა, რომ თუ მომხდარი არ გამოსწორდება, პირადად იქნება დაინტერესებული, რომ კომპანია "სამაგალითოდ დაისაჯოს" - "თუ დემონტაჟი არ განხორციელდება, ეს იქნება საჩვენებელი, სამაგალითო დასჯის კონკრეტული შემთხვევა".
კალაძის განცხადებით, მშენებლებისთვის საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება წლის ბოლომდე გადავადდა.
"როგორც ჩანს, სამშენებლო რეფორმის გარკვეული დეტალები ვერ გაითავისა სამშენებლო სექტორმა, რის გამოც დაიწერა ძალიან ბევრი ჯარიმა. ჩვენი მიზანი იყო არა მშენებლების დაჯარიმება და რაც შეიძლება მეტი ჯარიმების გამოწერა, არამედ სფეროს მოწესრიგება. შესაბამისად ვიდრე ნორმის სრულფასოვანი შესრულების ეტაპზე გადავალთ, პარლამენტს წარვუდგინეთ ინიციატივა, მოხდეს საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულების გადავადება, წლის ბოლომდე", - თქვა მერმა.
პარლამენტმა ინიციატივა უკვე მიიღო, ვინც პირობების შეუსრულებლობის გამო უკვე დაჯარიმდა, ჯარიმები ჩამოეწერებათ. ვალდებულების ამოქმედება 2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.