გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გორის ბიუჯეტიდან გამქრალ ფულზე საუბრობს და ამბობს, რომ ბუღალტერი თანხას დამოუკიდებლად ვერ მოიპარავდა. დავით რაზმაძე ვარაუდობს, რომ ბრალდებულ პირთა წრე გაიზრდება:
"ბუღალტერი ვერ განახორციელებდა ამ ყველაფერს, მაგრამ მიდის კვლევა. მე იმ დღესაც შევნიშნე, მოსული იყო სამართალდამცავი ორგანოს წარმადგენლები და ჰქონდათ დაკითხვა. კონკრეტულად ვისთან ჰქონდათ ეს შეკითხვები და ვინ იყო დაინტერესებული ამაზე ინფორმაცია მე არ მაქვს. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ერთი ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა, თუნდაც ის ბუღალტერი ყოფილიყო. თუ ერთი ბუღალტერი ამ ყველაფერს ასრულებს რად გვინდა ამდენი შტატი, რომ გვაქვს სამსახურში, მოვიყვანოთ ბუღალტრები და ჩავაბაროთ სამსახური. წრე ალბათ გაიზრდება სავარაუდოდ",- ამბობს დავით რაზმაძე
დედაჩემმა თავი გაწირა, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს ავალაპარაკებ - აცხადებს დაკავებული ბუღალტრის შვილი და ამბობს, რომ ლეილა წკრიალაშვილი ნებართვის გარეშე ფულს ვერ მოხსნიდა. შესაბამისად, ისიც დარწმუნებულია, რომ დანაშაულში სხვა პირებიც არიან გარეული.
შეგახსენებთ, რომ გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტერს, მერიის ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან.
სუს-ის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში.