
"ერთიან საქართველოში" საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას პოზიტიურად აფასებენ. პარტიის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, "ევროპულმა საქართველომ" მნიშვნელოვანი ერთობა აჩვენა მაშინ, როცა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ბურჯანაძეს იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი სამივე მოსმენით დამტკიცდება.
გაჩნდა შანსი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში მრავალპარტიული, მართლა მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდეს და პარლამენტი ხალხის ნების გამომხატველი იყოს. მინდა იმედი ვიქონიო, რომ მეორე და მესამე მოსმენის დროს რაიმე სიურპრიზის წინაშე არ დავდგებით, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება სრულყოფილად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და ამით შექმნას მისთვისაც უკეთესი გარემო წინასაარჩევნო პერიოდში, - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ, 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო.
მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემას მხარი ხუთმა დეპუტატმა არ დაუჭირა. ესენი არიან - დავით ჭიჭინაძე, ბიძინა გეგიძე, ემზარ კვიციანი, კახა ოქრიაშვილი და ნატო ჩხეიძე.
განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია "ნაციონალურ მოძრაობას" და ცვლილებებს ოპოზიციიდან მხარი მხოლოდ "ევროპულმა საქართველომ" დაუჭირა.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.