პოლიციელმა დაკავებულის შებოჭვა სცადა და იარაღი გაუვარდა - საგამოძიებო წყნეთში მომხდარ მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

პოლიციელს იარაღი მაშინ გაუვარდა, როდესაც დაკავებულის შებოჭვას ცდილობდა - განცხადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელძღვანელმა კოკა კაციტაძემ წყნეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გააკეთა.

უწყებაში არაფერი უთქვამთ, რატომ ჰქონდა პოლიციელს იარაღი გადატენილ მდგომარეობაში.

„საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“ განაცხადა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, მკვლელობა წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე გუშინ, 18 აპრილს მოხდა. დაკავებულია შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი