ახალგაზრდა, რომელიც წყნეთში, პოლიციელის ტყვიას ემსხვერპლა, 30 წლის ზურაბ გველესიანია

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა, რომელიც წყნეთში, პოლიციელის ტყვიას ემსხვერპლა,  30 წლის ზურაბ გველესიანია. როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მომხდარი ნარკოდანაშაულს უკავშირდება და პოლიციელს ტყვია მაშინ გაუვარდა, როდესაც ის გველესიანის შებოჭვას ცდილობდა:  

„საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“ განაცხადა კოკა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, მკვლელობა წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე გუშინ, 18 აპრილს მოხდა. დაკავებულია შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი ერიკ წურწუმია. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი