საერთაშორისო რეპუტაციის გადასარჩენად ქართული ოცნება დახმარებას კვლავ ლობისტებს სთხოვს. პუტინის მოკავშირედ ღიად გამოცხადების გამო გაბრაზებულმა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამოქვეყნებიდან 10 დღეში კონგრესმენებს საპასუხო წერილი მისწერა. შუამავალი ყოფილი სენატორი და ახლა უკვე კომპანია „ჰოგან ლოვენსის“ ლობისტი ნორმ კოულმანია, რომელიც ქართული ოცნებისგან ლობისტური საქმიანობისთვის სოლიდურ თანხას იღებს.
ყოფილმა პოლიტიკოსმა 13 კონგრესმენის აპარატის წარმომადგენლებს პარტია "ქართული ოცნების" შეშფოთების შესახებ აცნობა და თან პარტიის სამ გვერდიანი წერილი დაურთო, სადაც მმართველი პარტია კონგრესმენებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ქართული ოცნება წერილის ავტორის ვინაობას არ ასაჯაროვებს. სამგვერდიან გზავნილში მმართველი პარტია დეტალურად საუბრობს ბიძინა ივანიშვილის განვლილი ცხოვრების შესახებ და იმაზე, თუ როგორი პატიოსანი გზებით დააგროვა 90- იან წლებში ოლიგარქმა დიდძალი ქონება რუსეთში.
წერილში წერია ისიც, რომ 13-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბიძინა ივანიშვილს პუტინის მოკავშირე შეცდომით უწოდა და ისეთი ახლო სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსა და დასავლეთს შორის, როგორიც ახლაა, არასოდეს ყოფილა.
10 დღის წინ, ბიძინა ივანიშვილის ღიად პრორუსულობაში დადანაშაულებას ქართული ოცნების მწვავე შეფასება მოჰყვა
მმართველი პარტიის ლიდერები კამერების წინ ამბობდნენ ერთს, პარალელურად კი კონგრესმენების გადასარწმუნებლად ლობისტების დახმარებით კრიტიკულ წერილს ამზადებდნენ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ქართული ოცნება კარგად იაზრებს, რომ მათი საერთაშორისო იმიჯი შელახულია.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ლობისტების შუამავლობით საუბარი მიუთითებს იმაზე,რომ მმართველმა გუნდმა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ნდობა სრულად დაკარგა ოლიგარქს და ლობისტების დახმარება ვერ უშველის.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ქართული ოცნების უპრეცედენტო კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ლობისტების თავდაუზოგავი შრომის შედეგია და სტრატეგიული პარტნიორის პოზიციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს 2020 წლის მონაცემებით, საქართველო ლობისტებში გადახდილი თანხის რაოდენობით ერთ ერთ მოწინავე პოზიციაზეა.
"ქართულ ოცნებას" წელს 2 ლობისტურ კომპანიასთან „ჰოგან ლოველსთან" და "დისიაი ჯგუფთან" მილიონ 200 ათასი დოლარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ერთი თვის განმავლობაში კი ორივე კომპანია 100 ათას დოლარამდე იღებს.
ლობისტების მთავარი ამოცანა პარტიის საერთაშორისო იმიჯზე ზრუნვა და სტრატეგიულ პარტნიორთან ოცნების პოლიტიკური ნაბიჯების გაპიარებაა, თუმცა გადაყრილი მილიონების პარალელურად, აშშ-ში ბიძინა ივანიშვილს მაინც პუტინის მოკავშირეს უწოდებენ და ოლიგარქისთვის სანქციების დაწესებას აქტიურად განიხილავენ.