ბოკერია თითს იქნევდა, ქვა-ქვაზე არ დარჩებაო... ჩემს პასუხზე დაიწყო "ცუდ-უბრალო ქირქილი" - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

ახალი პოლიტიკური სკანდალი - წულუკიანი ამტკიცებს, რომ ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გიგა ბოკერია არეულობით იმუქრებოდა. 

წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ მათ მიერ შემუშავებულ საარჩევნო კანონპროექტს ოდირში გაგზავნიდა. წულუკიანის მტკიცებით, როცა მან უთხრა ბოკერიას, რომ ოდირი კანონპროექტის კონსტიტუციურობას არ განიხილავდა, ბოკერიამ "ცუდ-უბრალო ქირქილით" უპასუხა. 

წულუკიანი ამტკიცებს, რომ ოპონენტები უცოდინრები აღმოჩნდნენ და ამის დასტურია ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემის შესახებ. 

"დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი, რა იყო ჩემს მიერ ნათქვამი მოლაპარაკების მაგიდასთან, რაც დღეს წერია ოდირის დასკვნაში: როდესაც ბატონი ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას, ქვა-ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტსო. მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს კანონპროექტის შესაბამისობას კონსტიტუციასთან, რაზეც მან წამოიწყო ცუდ-უბრალო ქირქილი.დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციორობასო. ეს სამარცხვინოა, სამარცხვინო იმით, რომ ოპოზიციამ აჩვენა უცოდინრობა, ​ისიც ვერ გაიგო, სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად. ძალიან სამარცხვინოა, რომ ოდირს მოუწია დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სახალხო დამცველი, რომელსაც ოდირში გააგზავნინა ეს პროექტი,"-განაცხადა წულუკიანმა.  

შეგახსენებთ, ოდირმა დაასკვნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ოპოზიცია ოცნებას სთავაზობს, კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. სწორედ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას ასახელებდა მმართველი პარტია ამ საარჩევნო მოდელზე უარის თქმის მიზეზად, თუმცა  ეუთო-ოდირის დასკვნაში წერია, რომ მსგავს  სისტემაზე გადასვლა შესაძლებელია, ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით და  ხმათა უბრალო უმრავლესობით. ასევე  დასკვნის მიხედვით, ეს მოდელი  შეესაბამება უნივერსალური და  თავისუფალი  ხმის მიცემის პრინციპებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი