
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ოპოზიციონერ ლიდერებს ხვდება. გავლენიანი სენატორების და კონგრესმენების აუდიენცია პოლიტიკურ პარტიებთან დილიდან დაიწყო.
დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე სად დგას საქართველო და ირჩევს თუ არა ქვეყნის ხელისუფლება მკაფიოდ დასავლეთის გზას - ეს არის მთავარი საკითხი, რასაც ახლა ქართველი პოლიტიკური ლიდერები ამერიკელ კანონმდებლებთან დახურულ კარს მიღმა განიხილავენ.
"გვექნება სასაუბრო როგორც იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე რომელიც ქვეყნის წინაშე დგას რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. ასევე, რა თქმა უნდა იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს დემოკრატიის, მედიის თავისუფლების და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სადაც აშშ ცალსახად ელოდება ჩვენი ქვეყნისგან პროგრესს", - თქვა პარტია "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
შეხვედრის შესახებ ისაუბრა ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ:
"ეს არის შესაძლებლობა დავაყენოთ ეროვნული ინტერესები რაც გვაქვს ამერიკელი პარტნიორების წინაშე. პირველი ეს არის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება საქართველოში, რეგიონალური საფრთხეები და ეს არის შესაძლებლობა, ვაჩვენოთ, რომ თუ არ მოხდება დემოკრატიული რეფორმები ქვეყანაში, ყველა ეს პროექტი შეიძლება ჰაერში გაიფანტოს", - თქვა ვაშაძემ.
ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკელი კონგრესმენები პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდებიან, რის შემდეგაც ქვეყანაში მათი ვიზიტი დასრულდება.