თუ ოპოზიცია არ დაგვთანხმდება"ნაცმოძრაობა", "შმაცებით" და "შმაცუნებით" გაქრება პოლიტიკიდან - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციამ ტყუილის გაყიდვაც ვერ ისწავლა და საზოგადოებას ამ ხნის განმავლობაში ფასადურ დემოკრატიას სთავაზობდნენ - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება ეუთო-ოდირის დასკვნის გაცნობის შემდეგ.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციამ უცოდინარობა და უნიათობა აჩვენა, როცა ოდირში მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის შესამოწმებლად გააგზავნა. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ეუთო-ოდირისგან ოპოზიცია დღეს დატუქსულია, მათი წამზომი ჩართულია და პანაშვიდები დაიწყო. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კი ამბობს, რომ მათგან ოპოზიციისადმი შეთავაზება უცვლელი რჩება. ეს არს 100/50-ზე სისტემით არჩევნების ჩატარება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ამ წინადადებას არ დათანხმდება, შესაძლოა, პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდნენ. კობახიძე თვლის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის პარლამენტს მიღმა დატოვება, ან მათი პოლიტიკური ცხოვრებიდან გაქრობა, ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება. 

"განიხილება ერთადერთი წინადადება, ეს არის 100/50-ზე, რომელიც წარვადგინეთ ოპოზიციის წინაშე თუ არ დაგვეთანხმებიან, მაშინ იქნება 77/73-ზე. თუ დარჩება 77/73-ზე და არა 100/50-ზე ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი ალბათობით, "ნაცმოძრაობა", თავისი "ევროპული საქართველოთი და თავისი დანაყოფებით, შმაცებით და შმაცუნებით, საერთოდ გაქრება ალბათ პოლიტიკური სპექტრიდან, რაც ქვეყნისთვის არის ალბათ ძალიან კარგი,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ოდირმა დაასკვნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ოპოზიცია ოცნებას სთავაზობს, კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. სწორედ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას ასახელებდა მმართველი პარტია ამ საარჩევნო მოდელზე უარის თქმის მიზეზად, თუმცა  ეუთო-ოდირის დასკვნაში წერია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა შესაძლებელია, ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით და  ხმათა უბრალო უმრავლესობით. ასევე  დასკვნის მიხედვით, ეს მოდელი  შეესაბამება უნივერსალური და  თავისუფალი  ხმის მიცემის პრინციპებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი