
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე საჰაერო იერიშები განაახლეს - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.
"გვაქვს რთული ამბები: მტერი ცდილობს საბოლოოდ ჩაახშოს მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგობა აზოვსტალის რაიონში. მათ განაახლეს საჰაერო იერიშები ქარხანაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვის ზონაში და შეეცდებიან, თავდასხმითი შეტევები განახორციელონ", - თქვა არესტოვიჩმა.
მანვე დასძინა, რომ მიუხედავად რთული სიტუაციის, მარიუპოლის მცველები მტრის შეკავებას ახერხებენ და კონტრშეტევებზეც გადადიან.
ცნობისთვის, 21 აპრილს, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას, მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე შტურმს მიზანშეუწონელი უწოდა და მისი გაუქმების ბრძანება გასცა.
"ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ჩასვლა და სეირნობა. ჩაკეტეთ ეს ტერიტორია ისე, რომ ბუზიც ვერ შეფრინდეს", - უთხრა პუტინმა შოიგუს.