პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენა იწყება

გამოქვეყნდა:

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენა იწყება - ამ წუთებში, სხდომათა დარბაზში უკვე იკრიბებიან დეპუტატები, რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

კენჭისყრაში ამჯერად მონაწილეობას აღარ მიიღებენ "ევროპული საქართველოს" წევრები, რადგან შეთანხმების მთავარი ნაწილი, გიორგი რურუას გათავისუფლება ისევ შეუსრულებელია. ამავე მიზეზით, ცვლილებებს ხმას არ მისცემს "ნაციონალური მოძრაობაც". შეძლებს თუ არა მმართველი პარტია ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვებას თუ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ მოატყუებს საერთაშორისო პარტნიორებს, რამდენიმე საათში გავიგებთ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მოახერხებს ცვლილებების მხარდასაჭერად საჭირო ხმების მობილიზებას, თუმცა თუ განმეორდება ნოემბრის მოვლენები, მთელი პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" დაეკისრება. 

მოუწია ივანიშვილს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ძალიან მძიმე დარტყმების შემდეგ, როდესაც მის პირად ფინანსებს და საგარეო დახმარების შემოსვლას შეექმნა საფრთხე. გაათავისუფლებს რურუასაც, ამას ჩვენ ვნახავთ, ვინაიდან მას არ აქვს რესურსი, კონსტიტუციის ჩაგდების, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.

ამ დროისთვის "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 113 ხმა სჭირდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ 116 ხმა აქვთ მობილიზებული. ისინი ამბობენ, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული სპეკულაციები უადგილოა, რადგან ქვეყანას პოლიტპატიმრები საერთოდ არ ჰყავს. 

ქართულ ოცნებას ექნება იმდენი ხმა, რაც დააფიქსირებს მის მესამე მოსმენისთვის მომზადებას, ისედაც საკამრისი ხმები იქნება. ოპოზიციას [ევროპულ საქართველოს] ჰქონდა მცდელობა, რომ გადამრჩენის როლში ყოფილიყო, თითქოს ხმების არ იყო საკმარისი. მე ვფიქრობ, თუკი ისინი მიიღებენ მონაწილეობას, ისევ მათთვის არის საკმარისი, - აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. 

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ისევ არ უჭერენ ის დეპუტატები, რომლებიც წინა მოსმენაზე იყვნენ წინააღმდეგნი.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა იზომება იმ გადაწყვეტილებით, რომელსაც ახლა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიიღებს. 

მმართველ პარტიას ამ მომენტისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე 92 დეპუტატი ჰყავს და მას იმედი აქვს, რომ ცვლილებებს მათი რიგებიდან წასული და ამჟამად დამოუკიდებლად მოქმედი დეპუტატების ხარჯზე მიიღებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა ჩატარდება 29 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი