მართლმსაჯულების ხარვეზი მისი მმართველი ძალის სამსახურში ყოფნაა - "გამჭვირვალობის" დასკვნა

გამოქვეყნდა:

მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ხარვეზი მისი პოლიტიზირება და მმართველი ძალის სამსახურში ყოფნაა - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დასკვნაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აქვეყნებს. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ინფორმირებულია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ზოგადი პრობლემების შესახებ და ამავდროულად, სისტემური ხარვეზების სწორი აღქმა აქვს. ყველაზე საგანგაშო, კვლევის მიხედვით, სასამართლო კლანის არსებობა და იმის განცდაა, რომ სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფს, მოქმედი ხელისუფლების წევრები მფარველობენ.

გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ დაპატიმრებები ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ხდება. მათი 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს ე.წ. კლანი და 84% მიიჩნევს რომ მას ხელისუფლება მფარველობს. კვლევის მონაწილეთა 72% მიიჩნევს, რომ პროკურატურა სრულად ან ნაწილობრივ ემსახურება ხელისუფლების ინტერესებს. 

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კვლევა კარგად ასახავს პროკურატურაში და სასამართლოში არსებულ პრობლემებს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის იმიჯს აზიანებს. 

საზოგადოებას კარგად ესმის მთავარი პრობლემა და ეს არის პოლიტიზირება როგორც სასამართლოსი, ისე პროკურატურის და ეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს  და ჩვენ პრაქტიკაში ვხედავთ ამ პრობლემებს ყოველდღიურად. გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს. ეს შენიშვნები ბოლო ხანებში ჩვენ ქვეყნის გარედანაც მივიღეთ, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელი გიორგი გვილავა.  

ოპოზიციის წარმომადგენლებს კვლევის ასეთი შედეგები არ გაკვირვებიათ. ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სისტემა შეიცვალოს და ე.წ. კლანი სასამართლო სისტემიდან წავიდეს. 

ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლოება სამართალდამცავ სისტემას, მართლმსაჯულების ორგანოებს მიიჩნევს ხელისუფლების მომსახურე ინსტიტუტებად, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ნაწილად, რაც ნიშნავს, რომ ქვეყენაში არ არსებობს სასამრთლო და ხალხი მოგვიწოდებს, რომ ეს სისტემა უნდა დაინგრეს. ნულიდან უნდა აშენდეს ყველა დონის სასამართლო, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლება კვლავ არის "ქართული ოცნების" მმართველობის ქვეშ. 

მას მართავს ნამდვილად მცირე ჯგუფი, კლანად წოდებული. იქამდე, ვიდრე ეს პრობლემა არსებობს და ეს ჯგუფია დაპატრონებული სასამართლოს, მათ შორის, კორუფციულ გარიგებებშია ჩაფლული და პოლიტიკურ გარიგებაშია ხელისუფლებაში. ვიდრე ეს ჯგუფი არ წავა, არასდროს არ იქნება სისტემური რეფორმები სასამართლოში, - დასძენს იგი. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში 2000-მდე ადამიანი გამოიკითხა.       

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი