უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ბავშვთა საკითხებში, ნიკოლაი კულებას ინფორმაციით, უკრაინა უკვე 5-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. მათ შორტის 90% ქალები და ბავშვები არიან.
კულებამ უკრაინულ ტელემარათონის ეთერში ისაუბრა იმ მძიმე შემთხვევებზე, რომლებიც ოკუპანტებმა სხვადასხვა ქალაქებში ჩაიდინეს. მან ყურადღება გაამახვილა ბავშვების მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე:
"უკრაინიდან უკვე 5 მილიონი ადამიანი წავიდა. 90% ქალი და ბავშვია. 2 მილიონზე მეტი ბავშვი კი უკრაინის სხვადასხვა უსაფრთხო ადგილებშია გადასახლებული. წარმოიდგინეთ, 4 მილიონზე მეტი ბავშვი საკუთარ სახლს მოაშორეს. იურიდიულად დამტკიცებულია, რომ აგრესიას ბავშვების კონკრეტული რაოდენობა ემსხვერპლა, თუმცა მივიჩნევ, რომ ეს სწორი რაოდენობა არ არის, რადგან ვერავინ იტყვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ან მარიუპოლში, რამდენი ბავშვი დაიღუპა.
დებალცევო ხომ გახსოვთ, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რა სურათი დაგვხვდებოდა. მსგავსი ვითარებაა მარიუპოლში. ბავშვების ცხედრებს სხვადასხვა ქალაქებში ყოველდღიურად პოულობენ. ომის დროს შეუძლებელია სწორი სტატისტიკის მოძიება. ეს წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ ძალიან დიდ მასშტაბებზე გვიწევს საუბარი. დანაშაულის ყველა ფაქტი უნდა შეგროვდეს, მომზადდეს, შესწავლილ იქნას და საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს გადაეცეს.გუშინ ვესაუბრე ქალებს, რომლებიც ოკუპანტებმა გააუპატიურეს. ყველა არ არის მზად ამ თემაზე საჯაროდ ისაუბროს, რადგან სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა აქვთ მიღებული. რუსები საშინელებას სჩადიან. ბავშვებს აიძულეს გაშიშვლებულიყვნენ. საშინელება გააკეთეს მელიტოპოლიდან ევაკუირებული ბავშვების წინააღმდეგ. ბავშვები ოჯახებთან ერთად ქალაქს ტოვებდნენ. გაიარეს რუსების საგუშაგო, ოკუპანტებმაც ხელი დაუქნიეს, თითქოს არაფერი და გაატარეს, თუმცა რამდენიმე მეტრის გავლის მერე არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს. ბავშვები საშინელებებს გვიყვებიან. როდესაც ვკითხეთ რაზე ფიქრობდნენ ეს ბავშვები, მითხრეს რომ მშობლების უსაფრთხოებაზე. 12 წლის ბიჭი მიყვება რომ ტიროდა და მშობლებზე ნერვიულობა, უყურებდა როგორ იწვოდა მანქანა და არ იცოდა რა ხდებოდა.
მშობლები გვეუბნებიან რომ ბავშვებს ნერვიულობისგან და მიღებული ტრავმებისგან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.
დაჯერება მიჭირს. წარმოუდგენლად საშინელი სურათის მომსწრენი ვართ. ბავშვები მშობლებთან ერთად მეტროში ან თავშესაფარში ცხოვრობენ. 2 თვეა მზე არ უნახავთ. წარმოიდგინეთ, დედა ცდილობს შვილი დაითანხმოს რომ მზეზე ავიდნენ და სუფთა ჰაერზე გაისეირნონ, ამ დროს კი ბავშვს შიშისგან პანიკა ეწყება, ტირის და კანკალებს. ეს ხომ შიშით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემა და ტრავმაა." ამბობს კულება.