19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას, ძალადობის მუხლი დაემატა. ამ დროითვის ძიება თავისუფლების უკანანო აღკვეთის გარდა, ძალადობის მუხლითაც მიმდინარეობს.
საგანგებო განცხადება დღეს, შინაგან საქმეთა მინისტროს მოდგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ საქმეზე უკვე დაკითხულია დაახლოებით 50-მდე მოწმე და ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.
მონისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ მცხეთაში, ნაქირავებ სახლში, სადაც გიორგი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც მოგვიანებით ცენტრალურ მაგისტრალზე, მდინარე არაგვის სანაპიროსთან გაგრძელდა.
თუ შეიკრიბება შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დააკმაყოფილებს სტანდარტს კონკრეტული პირის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი, - განმარტავს ბორცვაძე.
შსს-ს საგანგებო ბრიფინგის შემდეგ კომენტარი გააკეთა გარდაცვლილის ბიძამაც. მირიან ნიკოლაძის თქმით, იგი გამოძიებას ენდობა.
რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეცვალა კვალიფიკაცია, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ აქვთ რაიმე საფუძველი იმისა, რომ ახალი კვალიფიკაციით გააგრძელონ გამოძიება... კონკრეტული პირების ბრალეულობის გამოკვეთას, სავარაუდოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ესაჭიროება, - ამბობს ნიკოლაძე.
ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რათა დადგინდეს, შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიღებულია სიცოცხლეში თუ გარდაცვალების შემდეგ.
მცხეთის პოლიციაში მოწმეთა დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს კონფლიქტში უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ.
ვისაც ვიცავთ, ეს ადამიანები არიან შედარებით ასაკიანები ვიდრე ის ბავშვები. აქედან გამომდინარე, მათი მიზანი იყო, რომ სიტუაცია განემუხტათ, დააგვიანეს მისვლა შემთხვევის ადგილზე და როცა გადაადგილდებოდნენ, დაინახეს გზაში 4 მოსიარულე პირი... გაუჩერეს მანქანა, გაჩერებისას შეეშინდათ ბავშვებს და გაიქცნენ და ერთი ადამიანი, რომელიც დარჩა, ჩაისვეს და წამოიყვანეს ქალაქ თბილისის მიმართულებით, - ამტკიცებს ადვოკატი.
"მთავარისთვის" ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მოწმეს აუღეს ბიოლოგიური მასალა, რომელიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.