"ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ მათ 8 მარტის შეთანხმება სრულად შეასრულეს და არ აპირებენ გიორგი რურუას გათავისუფლებას, რადგან ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ყავს და 8 მარტის შეთანხმებაში არც კონკრეტული გვარები დაფიქსირებულა.
უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია მთლიანად გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან.
რაც შეეხება ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას, ამის გაყიდვა, ე.წ. პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობად, არის მხოლოდ პიარკამპანია, რომელიც დაიგეგმა ერთი კონკრეტული პარტიის ოფისში. თუ ვინმე ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ იმ შეხვედრაზე, რომელიმეზე, არათუ ბოლოზე, თავი დააქნიეს მაინც ან პირობა დადეს, რომ ვინმეს გაათავისუფლებენ, არის ტყუილი, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია საბაბს ეძებს, რომ ელჩების წინააღმდეგ დადებული პირობა არ შეასრულოს.
არავითარი შეხება არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან პატიმრის გათავისუფლებას, მით უფრო, როცა საუბარია წინასწარ პატიმრობაზე, არის ერთადერთი სასამართლოს ფუნქცია. სასამართლოს ვერავინ განუსაზღვრავს პოლიტიკური შეთანხმებით, ვინ უნდა დატოვოს და ვინ არა პატიმრობაში, - ამბობს იგი.
მმართველი პარტია წინასწარ აცხადებს, რომ მესამე მოსმენაზე, რომელიც ორშაბათს არის ჩანიშნული, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები ექნება.