სარდაფში ჩატარებული და უგვანო კვლევა - ასე ეხმაურებიან ე.წ. სასამართლო კლანის წევრები და მმართველი გუნდის დეპუტატები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის შედეგებს, რომელშიც ქვეყანაში პოლიტიზირებული სასამართლო სისტემისა და კლანური მმართველობის შესახებ არის საუბარი. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოკითხვამ განსაკუთრებული გაღიზიანება, სწორედ, ე.წ. კლანის წევრებში გამოიწვია.
ე.წ კლანთან ასოცირებული დიმიტრი გვრიტიშვილი ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მსგავს კვლევებს მხოლოდ გრანტების მისაღებად ატარებენ.
რაც შეეხება ამ სარდაფში ჩატარებულ კვლევებს, ეს ჩვენ არაერთხელ გვიმხელია, მათი ამგვარი დასკვნები, საველე სამუშაოების ჩამტარებლებიც და შემდეგ ისინიც, ვინც მონაცემებს ამუშავებენ. ეს მეთოდები და რესპონდენტები ისეთნაირად არიან შერჩეული, რომ მაქსიმალურად მიიღონ შედეგი, რათა უარყოფითად წარმოჩინდეს სასამართლო ხელისუფლება, - ამტკიცებს იგი.
მთავრობის წარმომადგენლები "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას უგვანოს უწოდებენ და ორგანიზაციას კონკრეტული ქეისების მოყვანისკენ მოუწოდებს.
როცა გარკვეულ სტანდარტს იცავ და ამაში გეხმარება ძალიან დიდი რესურსი არასამთავრობო ორგანიზაციების და გარკვეული მედია საშუალებების, ასეთი შთაბეჭდილების შექმნა არ არის რთული. ფაქტია, რომ საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი სასამართლო სისტემა არის მე-20 ადგილას და ძალიან ბევრ დასავლურ ქვეყანას უსწრებს წინ, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილისთვის კვლევის შედეგები მოულოდნელი არ აღმოჩნდა.
არის გავლენიანი ჯგუფი მოსამართლეების, რომელთაც აქვთ სერიოზული ძალაუფლება და ბერკეტები, რომ სისტემა მართონ. გასაკვირი არ არის, რომ ამ კლანს უკავშირებენ ხელისუფლებას. რომ არა მათი კარგი ალიანსი ხელისუფლებასთან, ეს კლანიც არ გაძლიერდებოდა, - აცხადებს ჯანეზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 47%-ს მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანი არსებობს, ხოლო გამოკითხულთა 48% ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დონე მომატებულია.