
რას საქმიანობს დავით ხიდაშელი, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი? პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ივანიშვილი - ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, მედიას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.
"ევტუშენკოვი, რომელიც იყო რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიის, "სისტემის" ხელმძღვანელი, მასთან მუშაობდა დავით ხიდაშელი, იყო მისი პარტნიორი და ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა ამ კომპანიას.
ამის შემდეგ ევტუშენკოვი ყიდულობს ბერძნულ კომპანია "ინტრაკომს", რომელსაც ხელმძღვანელობს ხიდაშელი. ევტუშენკოვმა ხიდაშელი მიავლინა საბერძნეთში "ინტრაკომის" სამართავად. სწორედ ამ კომპანიას 2011-2012 წლებში სირიაში, ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, სირიის სანქცირების შემდეგ, სანქციების თავიდან არიდების მიზნით, ჰქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა კომპანიასთან. კერძოდ, ამ წლებში მათ აწვდიან სანქცირებულ ტექნოლოგიებს, საკომუნიკაციო სისტემებს და სამხედრო ვერტმფრენებზე დამონტაჟებულ სისტემებს. ანუ კონკრეტულად იმ სატელეკომუნიკაციო საშუალებებს, რომელიც ასადის რეჟიმს ეხმარებოდა ხალხის ხოცვა-ჟლეტაში.
დავით ხიდაშელი, რომელიც იგებს ტენდერებს, ყიდულობს მიწებს, არის სასათბურე პირობებში, არის პირდაპირი შემსრულებელი კრემლის დავალებების კერძოდ, სანქციების თავიდან არიდების საკითხებში. რუსული სამხედრო ოპერაციების დროს ხიდაშელი გამოიყენებოდა მსგავს საკითხებში", - ამბობს ელენე ხოშტარია.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ინფორმაციის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი მას აქვს და უახლოეს მომავალში საელჩოებს დაეგზავნება. მისი თქმით, ეს გამოძიება ბალკანელებმა ჩაატარეს და მასში კონკრეტული მიმოწერებითაა მითითებული არსებული კავშირების შესახებ.