
უკრაინაში შეჭრის გამო, პოლონეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა - ქვეყანამ სანქციები დაუწესა 35 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას, ასევე პირადი სანქციები დააწესა 15 ადამიანის წინააღმდეგ რუსეთიდან და ბელარუსიდან. სანქციების სია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სანქციების ქვეშ მოექცნენ უმსხვილესი რუსული ენერგეტიკული კომპანიები: გაზპრომი და გაზის კომპანია "ნოვატეკი".
სანქციების სიაში მყოფ რუსებს შორის არიან: როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი, ალფა ბანკის დამფუძნებელი, მიხაილ ფრიდმანი, Wildberries-ის დამფუძნებელი, ტატიანა ბაკალჩუკი, კასპერსკის დამფუძნებელი, ევგენი კასპერსკი და ოლიგარქი, ოლეგ დერიპასკა.
ეს სია ევროკავშირის სანქციების სიას ემატება, განმარტა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მარიუშ კამინსკიმ.
როგორც კამინსკიმ განმარტა, სანქციების ქვეშ მოქცეული კომპანიების ფინანსური და ქონებრივი აქტივები გაიყინება და მათ ბიზნესში მონაწილეობა აეკრძალებათ. სანქციების სიაში შეყვანილ პირებს ქვეყანაში შესვლაც ეკრძალებათ.