
კოვიდ ინფიცირებული ქალი, რომელიც სოფელ ყარაჯალადან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სოფელში სამგლოვიარო რიტუალზე დასასწრებად იყო ჩასული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ინფიცირებულის მხოლოდ სამი კონტაქტია გამოვლენილი.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 63 წლის ქალს მხოლოდ ოჯახის წევრებთან, შვილთან, სიძესთან და შვილიშვილთან ჰქონდა კონტაქტი, ვისთან ერთადაც ის სოფელში ორი დღის წინ ჩავიდა.
აპირებდნენ სამგლოვიარო რიტუალზე დასწრებას, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო. ქალბატონმა თავი ცუდად იგრძნო და თავად მიაკითხა სამედიცინო დაწესებულებას. ამ სამი კონტაქტის გარდა, მიმდინარეობს შეფასება, აქ ხომ არ ჰქონდა ვინმესთან შეხება. ოჯახის წევრებს ავუღეთ ბიოლოგიური მასალა და გადავიყვანეთ კარანტინში. პირველწყაროს რაც შეეხება, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის, თუმცა ეს კახეთის შემთხვევად არ ითვლება, - განაცხადა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, კორონა ვირუსი 63 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც თავდაპირველად მკურნალობას თელავის რაიონული საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა.
ავტორი: ია გულიაშვილი.