ექიმები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის უკვე ყოველი საათი გადამწყვეტია. "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, უფლებადამცველებმა და საზოგადოებამ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა მიმართოს.
ექიმები შაბათს პარლამენტთან შეიკრიბებიან, ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ და მოითხოვენ, რომ მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ გადაიყვანონ. მათი მიმართვა როგორც ხელისუფლებას, ასევე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და დიპლომატებს შეეხება.
"მისი მდგომარეობა არის დამძიმებული, რაც ჩვენ სასამართლო პროცესზე ვიხილეთ და ალბათ სტაციონარის პირობებში უნდა მოხდეს მისი შემდგომი გამოკვლევა, ექსპერტიზა და შეფასება, რა თქმა უნდა, აუცილებელია შეფასება მოხდეს დინამიკაში.
ვფიქრობ, უფლებადამცველებმა და საზოგადოებამ უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ განხორციელდეს ადეკვატური ზეწოლა ჩვენ ხელისუფლებაზე და მოხდეს ჰუმანიტარული მისიით, მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო წესით გაყვანა ევროპის ქვეყანაში, ადეკვატური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და შემდგომი მკურნალობისთვის", - ამბობს ჯიშკარიანი.
ექიმი ლალი ჯავაშვილი აცხადებს, რომ ყოველი დაკარგული დღე გვაახლოებს ცუდ პროგნოზულ წერტილთან - "დრო არ ითმენს, დღეს კი არა, ყველა საათს მნიშვნელობა აქვს".
პარასკევს ციხეში მესამე პრეზიდენტი ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ომბუდსმენი ბრიფინგს დღეს, 15:00 საათზე გამართავს.