
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ "საქართველოში ომის გაჩაღება" სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასაც სურს.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის შემდეგ, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.
"თუ ვინმეს სურს და ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რაიმე ფორმით, თუნდაც ე.წ. სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას და ასე შემდეგ, ყველას უნდა ერთადერთი რამ, ეს არის ომის გაჩაღება საქართველოში", - თქვა კობახიძემ.
კითხვაზე - "სახალხო დამცველსაც სურს თუ არა ომი საქართველოში", კობახიძემ თქვა, რომ "ისიც ამ განზრახვის ნაწილია".
"სახალხო დამცველი არის ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია, შესაბამისად ბუნებრივია, ისიც არის ამ განზრახვის შემადგენელი ნაწილი", - თქვა "ოცნების" თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას - "თუ ყველა, ვინც მმართველი გუნდის პოზიციებს ეწინააღმდეგება, "ნაციონალია", მაშინ ვინ არის მმართველი გუნდის მხარდამჭერი", კობახიძემ ასე უპასუხა:
"საქართველოს მოსახლეობის 47% ხომ ავიღეთ წინა არჩევნებში, ეს არის ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა. ნინო ლომჯარია არ შედის ამაში, არც მიხეილ სააკაშვილი, არც ჭუტა, არც გვარამია და ასე შემდეგ. 47% მინდა შეგახსენოთ, რომ მმართველი პარტიისთვის არის ფანტასტიური მაჩვენებელი თუ გადახედავთ ევროპის ქვეყნებს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ასევე იხილეთ: