
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს ხარკოვში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას და ცდილობს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლი დაამყაროს.
უწყების პრესსპიკერის, ოლექსანდრ შტუპუნის თქმით, ამ დროისთვის მტერი აქტიურად მოქმედებს, იზიუმის მიმართულებით. იერიშების დასაწყებად, რუსმა ოკუპანტებმა ადგილზე დამატებით 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაგზავნეს.
"ომის 64-ე დღეს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესია გრძელდება. მტერი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარების და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო გზის გაყვანის მცდელობას არ წყვეტს. ოკუპანტები ინტენსიურად უტევენ სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებით. ცდილობენ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაადგილებაში ხელი შეუშალონ. ინტენსიურად ბომბავენ ხარკოვის დასახლებულ პუნქტებს, განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებენ იზიუმის მიმართულებით. იზიუმზე იერიშების დასაწყებად, მტერმა დამატებით 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალები გადმოსხა. ისვრიან არტილერიიდან და ზალპური სარაკეტო სისტემებიდან", - ამბობს უკრაინის გენშტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ შტუპუნი.
იხილეთ ასევე: