"არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდას!" - ზახაროვა დასავლეთს ემუქრება

გამოქვეყნდა:

"დასავლეთის ქვეყნები ღიად მოუწოდებენ უკრაინას, შეუტიოს რუსეთის ტერიტორიას იმ იარაღის გამოყენებით, რომელსაც ისინი კიევს აწვდიან" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე ისაუბრა.

ზახაროვას თქმით, უკრაინელი სამხედროების მსგავსი ქმედება რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ "უპასუხოდ არ დარჩება".

"მინდა, რომ კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა, სერიოზულად მიიღონ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, რომ შემდგომი უკრაინული პროვოკაციები რუსეთის ობიექტებზე დარტყმის მიზნით, აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მკაცრ პასუხს. დასავლეთის ქვეყნების მრჩევლები, რომლებიც რჩებიან უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში, სულაც არ იქნება პრობლემა რუსეთის საპასუხო ზომებისთვის. ჩვენ არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდის გაგრძელებას", - თქვა ზახაროვამ.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერის ამბობს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "იყენებენ", უკრაინის მთავრობას კი "დასავლეთის მარიონეტულ რეჟიმს" უწოდებს.

"ვხედავთ, რომ ზელენსკის რეჟიმი არ არის დამოუკიდებელი და რომ მისი გადაწყვეტილებები მთლიანად უცხოელ კურატორებზეა დამოკიდებული. მე მჯერა, რომ დასავლელი კურატორები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ მისი ქმედებები დამოუკიდებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ასე ფიქრობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ კიევის რეჟიმს ვუწოდებთ, რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ და აკონტროლებენ სიტუაციას. ეს მხოლოდ ილუზიაა. თქვენ გიყენებენ", - თქვა მარია ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ოკუპანტები უკვე 64-ე დღეა, ბომბავენ უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს, კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი