გიორგი რურუა ციხეში რჩება და 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება. "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერის გარეშე, მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. კანონპროექტი სავარაუდოდ საბოლოოდაც დამტკიცდება და სავარაუდოდ, ისევ ოპოზიციის ხმების გარეშე.
ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმშია. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები ამბობენ რომ 29 ივნისს, მესამე მოსმენით კენჭისყრას იმ შემთხვევაში დაესწრებიან, თუ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს.
მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ისინი მესამე მოსმენაზეც შეძლებენ საჭირო 113 ხმის მობილიზებას და საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებას. რაც შეეხება, გიორგი რურუას, ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან.
კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრას დღეს ფასილიტატორი ელჩები და ევროპარლამენტარები გამოეხმაურნენ. დიპლომატები იმედს გამოთქვამენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება მესამე მოსმენითაც დამტკიცდება.
კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა კი მედიაკონფერენციაზე 8 მარტის შეთანხმების შესრულების მნშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ თავის ვალდებულება უნდა შეასრულოს.
საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით კენჭს 29 ივნისს, რიგგარეშე სხდომაზე უყრიან. მმართველი პარტიას საკუთარი ხმების გარდა, დამოუკიდებელი დეპუტატების ხმების იმედიც აქვს.