მიხეილ სააკაშვილი დახმარების გარეშე ვეღარ გადაადგილდება. მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმების შესახებ მისი ადვოკატები და მედიკოსები საუბრობენ. იმაზე ნაკლები წონა, ვიდრე შიმშილობის დროს იყო, ჰემოგლობინის და ცილების მინიმალური დონე, კუნთების განლევის ნიშნები, ანთებითი პროცესები სახსრებში - სააკაშვილი დღეიდან სავარაუდოდ ვეღარ მოახერხებს სასამართლო პროცესებზე დასწრებას. უფრო მეტიც - ის ციხეში პაემნების ოთახში გასვლასაც ვეღარ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პატიმრის მონახულება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.
ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ბრძოლა სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. ოჯახი, პოლიტიკური გუნდი და მთლიანად ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადამცველები, მედიკოსები და უცხოელი დიპლომატები - ყველა ერთხმად მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს მესამე პრეზიდენტის წამება. ახლა, სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება და დაგვიანება წამების გახანგრძლივება და ფაქტობრივად სიცოცხლის მოსპობას ნიშნავს.