მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა | 15:00 საათზე, პარლამენტთან ერთობლივი განცხადება გაკეთდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ის დახმარების გარეშე ვეღარ გადაადგილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ვეღარ მოახერხებს სასამართლო პროცესებზე დასწრებას, ასევე, ციხეში პაემნების ოთახში გასვლას.

ამასთან დაკავშირებით დღეს, პარლამენტის შენობასთან, 15:00 საათზე, სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენელი მედიკოსები, ასევე, მესამე სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბებიან. ისინი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მიხეილ სააკაშვილის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბრობს ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი. ის მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ საქართველოს ფარგლებს გარეთ, რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანას ითხოვს და ამბობს, რომ დრო სულ უფრო ცოტა რჩება.

"არცერთ ეტაპზე არ იყო სამედიცინო დიაგნოსტიკა და მკურნალობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი, რამაც გამოიწვია მისი მდგომარეობის დამძიმება და გართულება. 30 დეკემბრიდან მიმართული გვაქვს მათ შორის ჰოლანდიელი ექიმის, ექსპერტის ჩართვის თაობაზე და დღემდე არ მიგვიღია პასუხი. მოხდეს სასწრაფოდ გაყვანა მულტიპროფიულ კლინიკაში რათა ინტენსიური თერაპია იქნას ჩატარებული. მას ამ ეტაპზე ესაჭიროება ინტენსიური თერაპია და ამასობაში, მოძიებული უნდა იქნას კლინიკა, სადაც მოხდება მისი შესაბამისი მკურნალობა და რეაბილიტაცია", - თქვა ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

მოსალოდნელ საფრთხეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ:

"რეგრესი მიმდინარეობს ჯანმრთელობის მდგომარეობის. ეს აღნიშნა სახალხო დამცველმა თავის ექვსივე დასკვნაში და ეს არის ემპათიის ყველა დასკვნაში აღნიშნული. არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში და მიმდინარე მდგომარეობის არაკორექციის შემთხვევაში, მდგომარეობა დამძიმდება და სადამდე მიგვიყვანს ეს, ესეც წერია კლინიკურ ისტორიაში. კარგად ჩაიხედონ ვინც თქვა, რომ მისი მდგომარეობა არის სტაბილურად კარგი", - თქვა მან. 

შექმნილი ვითარების მიუხედავად, მმართველი გუნდი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო დახმარებას უწევენ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი