
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატმა ნილ პარიშმა თანამდებობა დატოვა და აღიარა, რომ მან პარლამენტში პორნოგრაფიას ორჯერ უყურა. ამასთან დაკავშირებით მან BBC-სთან ისაუბრა.
პარიშის თქმით, პირველად ის პორნოსაიტზე შემთხვევით მოხვდა, როცა ტრაქტორების ვებსაიტს ეძებდა, თუმცა მეორედ ეს მიზანმიმართულად გააკეთა.
"სასაცილოა, რომ თავიდან ტრაქტორებს ვათვალიერებდი. ტრაქტორებს ვეძებდი, თუმცა შევედი სხვა საიტზე, რომელსაც მსგავსი სახელი ჰქონდა და ცოტა ხანს [პორნოს] ვუყურე, რაც არ უნდა გამეკეთებინა. თუმცა ჩემი დანაშაული - ყველაზე დიდი - დანაშაული ისაა, რომ უკვე სხვა დროს, მეორედ ჩავრთე",-თქვა დეპუტატმა BBC-სთან.
პარიშმა აღიარა, რომ მეორედ მისი ქმედება მიზანმიმართული იყო და ეს თემთა პალატაში მაშინ მოხდა, როცა კენჭისყრას ელოდებოდა. მისივე თქმით, ის აცნობიერებს რამხელა ემოციური ზიანი მიაყენა საკუთარ ოჯახს, საარჩევნო ოლქსა და პარტიას.