ეუთო/ოდორის დასკვნა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. თეა წულუკიანმა დღეს დახურული შეხვედრის საიდუმლო დეტალები საგანგებო ბრიფინგზე გათქვა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგა ბოკერიას პოლიტიკური ცეცხლი გაუხსნა.
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ დიპლომატები თანდასწრებით მას ბოკერია ემუქრებოდა და აშანტაჟებდა. თეა წულუკიანის მტკიცებით, ამ შინაარსის საუბარი მასსა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერს დიპლომატების შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე შედგა, სადაც საარჩევნოს სისტემის შეცვლის შესახებ მსჯელობდნენ.
ბოკერია ამბობს, რომ გაოგნებულია იმ ტყუილებით, რომელიც ვიცე-პრემიერმა დღეს კამერების წინ ილაპარაკა, ბოკერიამ დღევანდელი ბრიფინგის გამო იუსტიციის მინისტრს ჯამბაზი უწოდა.
ახალი პოლიტიკური დაპირისპირება, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. საერთაშორისო ორგანიზაციამ ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო მოდელის სამართლებრივი რევიზია მოახდინა. დასკვნაში ეუთოს არ ჩაუწერია, რომ ოპოზიციის ინიცირებული ე.წ. გერმანული მოდელი, არაკონსტიტუციურია ან საერთაშორისო ნორმებთან წინააღმდეგობაში მოდის, თუმცა ხელისუფლებამ დღეს დილიდან საპირისპიროს მტკიცება დაიწყო.
პოლიტიკური პანაშვიდის თავიდან არიდების გეგმა ოპოზიციას დღეს ირაკლი კობახიძემ შესთავაზა, პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, პოლიტიკურ ოპონენტებს ულტიმატუმი წაუყენა.
ხელისუფლების ზეიმი რომ ეუთო/ოდირის დასკვნით ოპოზიცია გაბანკროტდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტებისთვის ღიმილისმომგვრელია. ამბობენ, რომ დასკვნამ მმართველი პარტია ჩიხში შეიყვანა და არგუმენტების გარეშე დატოვა და მათ საარჩევნო სისტემის შეცვლა მოუწევს.
ეუთო/ოდირს ე.წ. გერმანული მოდელის შეფასებისთვის 2 თვე დასჭირდა. დასკვნაში პოლიტიკური სპექტრისთვის რამდენიმე მთავარი გზავნილია. მათ შორის, პირდაპირ წერია, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ფართო დისკუსიის საგანი უნდა იყოს და სწორედ პოლიტიკური პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რა სისტემით ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები.