
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კითხვარის პირველ ნაწილს, რომელზეც მუშაობა დაასრულეს ელჩს, კარლ ჰარცელს დღეს პირადად გადასცემს. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით, პირველი ნაწილი არის მზად და დღეს მე პირადად გადავცემ ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს შევსებულ დოკუმენტს. მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ეს იყო ძალიან შრომატევადი საქმე და ჩვენ ეს წარმატებულად დავასრულეთ.
ახლა მიმდინარეობს მუშაობა მეორე ნაწილზე, რომელიც კიდევ უფრო ვრცელი დოკუმენტია, დაახლოებით 2 300 კითხვა არის მოცემული და 33 თავისგან შედგება მეორე ნაწილი ტექნიკური, სექტორული,დარგობრივი მიმართულებებით, ამიტომ ამას მეორე ნაწილს ჩვენ 13 მაისამდე, უფრო ადრეც გადავცემთ ევროკავშირს", - თქვა ღარიბაშვილმა.
კითხვარის მეორე ნაწილი მთავრობამ გასულ კვირას გაასაჯაროვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პასუხების გასაჯაროვება მიზანშეწონილი არაა, ამიტომ ორივე შემთხვევაში ცნობილი მხოლოდ კითხვები იქნება.
ცნობისთვის, კითხვარზე მუშაობა უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაასრულეს.