
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.
"მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად", - განაცხადა მთავრობის ცნობით, პრემიერმა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა.
"დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მთვრობის ცნობით, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ.