მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის წუხილი, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი ინფორმაცია კონსილიუმის წევრმა ექიმმა გაასაჯაროა, ღიმილისმომგვრელია.
დიმიტრი საძაგლიშვილი იხსენებს, რომ იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სწორედ მესამე პრეზიდენტის უფლებებისა და პირადი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა.
"არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ბრეგაძის, ან პენიტენციური სამსახურის რომელიმე განცხადების გვჯეროდეს იმიტომ, რომ მათი მხრიდან არაერთხელ იქნა ტყუილი გაჟღერებული. სასაცილო იყო ის გარემოება, რომ პრეტენზიები გამოთქვა, სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმმა მიხეილ სააკაშვილის პირადი ინფორმაცია გაასაჯაროაო. ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც არაერთხელ დაარღვია მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემები. კარგად გვახსოვს ინსპექტორის სამსახურის მიერ დადასტურებულ იქნა ეს დარღვევები და პასუხისმგებლობა იქნა დაკისრებული. რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას კონსილიუმის წევრების მხრიდან - ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს და პირიქით, თანხმობა გვაქვს გაცემული, რომ მათ მიერ გასაჯაროვდეს ის ინფორმაცია, რასაც თავად ჩათვლიან საჭიროდ",- თქვა საძაგლიშვილმა.
ამავე თემაზე:
მტკნარი სიცრუეა, რომ მიხეილ სააკაშვილის არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება - ბრეგაძე