"ქართული ოცნება" ევროპარლამენტარებს უგზავნის წერილს, რომელშიც ყოველგვარი ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე მოყვანილია გიორგი რურუას ჩადენილი დანაშაულებები, ამავე დროს, შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობის მიხედვით, აღნიშნულ დეპარტამენტში გიორგი რურუას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით არ მოიპოვება - ამის შესახებ გიორგი რურუას სასამართლოს სხდომის დაწყებამდა განცხადება მისმა ადვოკატებმა გააკეთეს.
წერილში, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ გაუგზავნა ევროპარლამენტის წევრებს, ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში ალბათაც მკვლელობა მომხდარა, ყველაფერი დაბრალდებულია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გიორგი რურუაზე, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლება ყოველგვარი დამამტკიცებელი დოკუმენტების გარეშე მიუთითებს გიორგი რურუას ბრალეულობაზე.
ქართული ოცნება" წერილში მიუთითებს, რომ საქმეები მიმდინარეობდა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" დროს მოხდა მისი შეწყვეტა. ცხადია, ყველას კარგად მოეხსენება, რომ საუბარია 93-94 წლებზე, რის შემდეგაც დაახლოებით 10 წელი მოქალაქეთა კავშირი იყო ხელისუფლებაში. მას მერე წლების განმავლობაში "ოცნება" იყო ხელისუფლებაში და არც ერთხელ კითხვაც არ დასმულა გიორგი რურუასთან ამ საქმეებთან დაკავშირებით, - აცხადებს ადვოკატი.
საძაგლიშვილი ამხელს ხელისუფლების კიდევ ერთ ტყუილს: "ამ წერილში გიორგი კუჭავა მიუთითებს, რომ გიორგი რურუამ განზრახ, მოჩვენებითად შეიძინა მთავარი არხის წილი და გადაიხადა მასში სულ რაღაც 2500 ლარი, რეალურად, მე მიჭირავს ხელშეკრულება, რომლითაც გიორგი რურუა გახდა "მთავარი არხის" დამფუძენებელი, აქ მეორე მუხლში მითითებულია, რომ 2500 ლარი, არის წილის ნასყიდობის თანხა, მაგრამ იგი ახორციელებს ინვესტიციას 250 ათასი აშშ დოლარის ოდენობით არხის კაპიტალში".
მისი თქმით, გიორგი რურუამ "მთავარ არხში" კიდევ 500 ათასი დოლარის ოდენობით ინვესტიცია ჩადო. ამ დოკუმენტების მიხედვით, როგორც ადვოკატი ამბობს, დასტურდება, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური ნიშნით იდევნება.
მე ხელთ მაქვს გამოძიების მოპოვებული ცნობა შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან, სადაც წერია, რომ აღნიშნულ დეპარტამენტში გიორგი რურუას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით არ მოიპოვება. ეს ნიშნავს, რომ რომ საქართველოს სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას არათუ მისი ნასამართლეობის, არამედ როდესმე მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით.
ასეთ დროს და ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის "ქართული ოცნების" კოლექტიური წერილი ევროპარლამენტარებისადმი, თითქოსდა გიორგი რურუას რაღაც დანაშაულებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს მეტად უპასუხისმგებლო მოქმედებას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ეს არის პასკვილი, ცილისწამება საკუთარ მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, - ამბობს ადვოკატი შალვა შავგულიძე.
მისი თქმით, ამ ქმედებით "ქართული ოცნება" ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ევროპარლამენტარები, რათა გაამართლოს მის მიერ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობა გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების ნაწილში. ის ამბობს, რომ მეორე მხრივ, ეს არის პირდაპირი მესიჯი სასამართლოსადმი, სადაც რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომ ხელისუფლება გიორგი რურუას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვს.
ადვოკატების მტკიცებით, მათ ხელთ არსებული დოკუმენტები საბოლოოდ ამტკიცებს, რომ გიორგი რურუა არის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაული და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივაციით ხორციელდება.