მომდევნო შაბათს გიორგი გაბუნიას საქმეზე მნიშვნელოვანი მასალა გასაჯაროვდება - ნოდარ მელაძე

გამოქვეყნდა:

ნოდარ მელაძე, რომელიც სუს-მა "ტვ პირველის" შაბათის ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ დაიბარა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე გამოცხადდა.  

შაბათს, ტვ პირველმა მოამზადა, ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა, ეს ეხება გიორგი გაბუნიას საქმის ფიგურანტს ვასამბეკ ბოკოვს. ის დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ დიდი შრომის შედეგად, ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხა არც სუს-მა და არც პროკურატურამ, - ამბობს მელაძე გამოკითხვაზე შესვლამდე. 

სუს-ის გამომძიებელმა მელაძესთან საუბრისას განაცხადა, რომ სუს-ს კითხვები ამ გადაცემის შემდეგ გაუჩნდა. ტვ პირველის მთავარი პროდიუსერის თქმით, სუს-ში კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით. ნოდარ მელაძის ინტერესებს დაკითხვისას ადვოკატი ლევან მახარაშვილი დაიცავს.  

მელაძე ამბობს, რომ მათ ხელშია ბევრად მეტი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელთაც მომდევნო შაბათს გაასაჯაროვებენ. 

ამ ჟურნალისტური გამოძიებისას მთავარი კითხვა, რომელსაც გაეცა პასუხი, არის თუ არა ვასამბეკ ბოკოვი ის ადამიანი, რომელიც ახლა იხდის სასჯელს, რადგან მისი ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან რამდენჯერმე ნახა ჩანაწერი, რომელიც მისი ძმის დაკავებას ასახავს და ის ამბობს, რომ არც სიმაღლით, არც პარამეტრებით, ის მისი ძმა არ ყოფილა, - აცხადებს მელაძე

იგი ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა, ვასამბეკ ბოკოვის ნაცვლად საპატიმროში ახლა იჯდეს სხვა ადამიანი და ამ კითხვებს პასუხი "ტვ პირველის" შაბათის ეთერში გაეცემა. 

მელაძის თქმით, დღევანდელი გამოკითხვის დროს კითხვები მხოლოდ შაბათის რეპორტაჟს ეხება, თუმცა თუ იქნება სხვა თემასთან დაკავშირებული კითხვებიც, იგი მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით დაკითხვას მოითხოვს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი