სპორტის სამინისტრომ ცხენოსნობის ფედერაციისათვის ცხენები შეიძინა - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ დღეს საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციას იტალიაში შეძენილი სამი ცხენი გადაეცა. ესენია ოლიმპიური სახეობისათვის განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია.
„ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს სსიპებთან, ასევე სპორტულ ფედერაციებთან და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე. “, - თქვა თეა წულუკიანმა.
სამინისტროს ინფორმაციით, ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევროს ოდენობის თანხა გამოყო.