
მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახავს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებას, კომპანიებსა და ამ კომპანიებიდან მიღებულ შემოსავლებს - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში.
2020 წლის მარტში ჩატარებული კვლევიდან იკვეთება, რომ ანზორ ბოლქვაძემ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის 12 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, სწორედ მოქმედ და წინა ხელისუფლებასთან ახლო კავშირით და, შესაბამისად, გავლენებით უზრუნველყო საკუთარი ოჯახის, ასევე ნათესავებისა და სხვა დაახლოებული პირების ქონებისა და შემოსავლების მკვეთრი ზრდა სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ კომპანიებისთვის უკონკურენტო გარემოს ხელოვნურად შექმნა საგამოძიებო ორგანოების მოკვლევის საფუძველი უნდა გახდეს.
კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში, სამმა კომპანიამ, რომელიც მის უახლოეს ნათესავებს უკავშირდება, მხოლოდ სახელმწიფო შეყიდვებიდან აქვს მიღებული 6 მილიონ ლარზე მეტი. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, როგორ ახერხებს ანზორ ბოლქვაძე იმ ქონების დაგროვებას, რომლის ბაზაზე მერე ვითარდება სასტუმრო ბიზნესი, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე.