"ქართული ოცნება" ცილისმწამებლურ რიტორიკას აგრძელებს - გიორგი რურუას მხარდამჭერი განცხადებების გამო დღეს ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია კრიმინალებად გამოაცხადა.
ისინი არიან ჩიხში და ჩიხის რეჟიმში შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ამის გამოხატულებაა აკაკი ბობოხიძის აღიარებითი ჩვენება, რომ მათ სურთ ამ ცვლილებების ჩაშლა. გვყავს ჩვენ კრიმინალური ოპოზიცია, კრიმინალები არიან წინა პლანზე. რურუა არის გამოცხადებული, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი არაფორმალური ლიდერი, რაც ყველაფერზე მეტყველებს, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი აკაკი ბობოხიძე კი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მთავრობის წარმომადგენლებს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ.
მათი პოზირება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გააქვთ, არის იძულება და არა მათი კეთილი ნება. "ქართულ ოცნებას" შანსიც კი არ დარჩა, რომ საკითხი ჩააგდოს. დავესწრებით, თუ "ოცნებას" ხმები არ ჰყოფნის, მაგრამ ამისთვის უნდა შესრულდეს პირობა, - აცხადებს იგი.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ოპოზიციის გაკეთებული განცხადებებით და მათ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა სურთ.
რეალურად, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" არ არიან მზად პასუხისმგებლიანი პოლიტიკისთვის. შეშფოთებული ვარ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების გაკეთებული განცხადებებით, სადაც მათ თქვეს, რომ უნდათ და ელოდებიან რომ ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები. მოვუწოდებ ამ პარტიების ლიდერებს, რომ დროულად განმარტონ რასთან გვაქვს საქმე, - ამბობს იგი.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მთელ ქართველ ერს შეურაცხყოფას აყენებენ.
როდესაც ოპოზიციას უწოდებენ კრიმინალებს, რომლის უკან დგას მილიონზე მეტი ქართველი ამომრჩეველი, ეს ნიშნავს, რომ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ქართველ ხალხს. ვიტყვი, რომ აქ მსხდომი დეპუტატების უმეტესობა არის ყურმოჭრილი, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.