"თუ არ შეგვიშვებენ, ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - "ემპათიას" ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

"ემპათიას" ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად დღის მეორე ნახევარში მივლენ. შესაბამისი მოთხოვნა უწყებას გადაეგზავნება. 

"ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ წერილებს, რომელიც პენიტენციურს გაეგზავნება, საქართველოში მოქმედ საელჩოებს და დიპლომატიურ უწყებებსაც გადაუგზავნიან.

"საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექსპერტიზას არ სჭირდება არანაირი თანხმობა. და ჩვენ გადავწყვიტეთ, ექსპერტთა ჯგუფმა, მივიდეთ მე-12 დაწესებულებაში და მოვითხოვოთ პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, ვინაიდან მას ამის ყველანაირი უფლება გააჩნია. თუ არ შეგვიშვებენ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ იგივე წერილებს, რასაც გავუგზავნით იუსტიციის სამინისტროს და რაც გვაქვს გაგზავნილი 30 დეკემბერს, გადავუგზავნით ყველა საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა გამჭვირვალე გახდეს, თუ როგორ იქცევა იუსტიციის სამინისტრო", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

ექიმი ლალი ჯავაშვილი ამბობს, რომ უახლოესი საათების განმავლობაში შეიძლება შეუქცევადი მოვლენები განვითარდეს და სავალალო შედეგები მოჰყვეს. მისი თქმით, ჯერ საჭიროა, მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობამდე მიიყვანონ, რომ ის ტრანსპორტაბელური გახდეს, ამისთვის კი აუცილებელია, თუნდაც საშუალო აღჭურვილობის მქონე კლინიკაში მოთავსდეს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ "ემპათიას" მიერ დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულ ექსპერტს. საუბარია ფსიქიატრ კორნელიუს კატონაზე, რომლის ლიცენზიის აღიარებასაც ჯანდაცვის სამინისტრო 70 დღეზე მეტია, აჭიანურებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი