სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩას მერიამ ოფიციალურად მისცა საბავშვო ბაღის მშენებლობის უფლება. ის ამჟამად უკრაინაში იმყოფება.
13 აპრილს მაქარაშვილმა სოციალური ქსელით მოქალაქეებს შესთავაზა, რომ ერთობლივი ძალებით ბუჩაში საბავშვო ბაღი აეშენებინათ. მოგვიანებით მან გამომცემლობებსაც სთხოვა დახმარება, რომ ბაღისთვის, უკრაინულ ენაზე, საბავშვო ლიტერატურა გამოეცათ.
"ავაშენოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა. ავუშენოთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში თანამედროვე, კომფორტული, ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღი!" - დაწერა მაქარაშვილმა.
აქტივისტი ამბობს, რომ თანხის შეგროვებას ნებართვის მიღებისა და პროექტის დამტკიცების შემდეგ დაიწყებს.